ალუდა გოგლიჩიძე
  • მთავარი
  • კარიერა
    • განათლება
    • არაფორმალური განათლება
    • სამუშაო გამოცდილება
    • აკადემიური საქმიანობა
    • საზოგადოებრივი ცხოვრება
  • პორტფოლიო
    • კვლევები და პოლიტიკის დოკუმენტები
    • ტრენინგები
    • პროექტები
    • გამოცემები, ნაშრომები, სტატიები
  • აქტივობები
  • ბლოგი
    • მომავლის ლიდერები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის
      • შეხვედრა მოსწავლეებთან ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში
      • შეხვედრა ახალი ქართული სკოლის მოსწავლეებთან
  • მთავარი
  • /
  • სიახლეები
  • /
  • 27 სექტემბერი — ხსოვნის დღე და ფიქრები მომავალზე
27 sekhtemberi imiji 3

27 სექტემბერი — ხსოვნის დღე და ფიქრები მომავალზე

27 სექტემბერი, 2026 No Comments სიახლეები

27 სექტემბერს, პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს ადამიანები.

პატივი მივაგოთ მათ, ვინც სოხუმში და აფხაზეთის ომში დაიღუპნენ. მოვეფეროთ მათ, ვინც დაკარგეს ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები, სახლი, საკუთარი ქალაქი თუ სოფელი. გვახსოვდეს ათასობით დევნილი ოჯახი, რომლებისთვისაც აფხაზეთი ისტორიის წიგნის ნაწილი კი არა, საკუთარი სახლია.

ბევრ მათგანს პირადად ვიცნობ. ბევრი ჩემი მეგობარი და ნაცნობია.

ვაღიაროთ, ომმა არავინ დაინდო და არავისთვის მოუტანია სიკეთე. ტრაგედია ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეეხო. ყველგან ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც სურთ მშვიდობა, უსაფრთხოება, ღირსეული ცხოვრება და საკუთარი მომავლის შექმნა.

ამავე დროს, კონფლიქტს ყოველთვის ახლავს სხვა ინტერესებიც, რომლებიც მისი გაგრძელებით სარგებლობენ — პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კრიმინალური მოტივებით. სწორედ ამიტომ მშვიდობის მშენებლობა მხოლოდ კეთილი სურვილების საკითხი ვერ იქნება.

და როდესაც ჩემი დევნილი მეგობრების, ნაცნობების და თუგინდ სრულიად უცნობების თვალებში ახლობელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეულ მოუშუშეებელ ტკივილს, ათწეულების იმედგაცრუების თუ დაბრუნების მოლოდინს ვხედავ, სულ უფრო ხშირად ვფიქრობ:

როგორ მივედით აქამდე?

რატომ ვერ არქმევს ზოგიერთი მტერს თავის სახელს რესაც კი და რატომ გვასაღებს მშვდობისმყოფელად ან უცოდველად?

რატომ ვერ ელევა ზოგიერთი ვასკვლავზე ამტვიფრულ ნამგალსა და უროს?
რამ განაპირობა, რომ ეს პრობლემა ამდენი წლის განმავლობაში გადაუჭრელი დარჩა?
რისი გაკეთება შეიძლებოდა სხვაგვარად?
და რა უნდა გავაკეთოთ მომავალში, რომ ამდენი ადამიანის თვალებში წლების მოლოდინი ოდესმე დაბრუნების ბედნიერებად გადაიქცეს — საკუთარ კერასთან, საკუთარ სახლთან?

 ომის დასრულებიდან ძალიან მცირე დრო იყო გასული, როდესაც ერთ-ერთი საერთაშორისო შეხვედრისას რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა ინტერვიუ აიღო ჩემგან და აფხაზი ახალგაზრდისგან. დღესაც მახსოვს მისი კითხვა… და მახსოვს ჩემი პასუხიც — ძალიან განვიცდიდი იმას, რომ პირადად მე არაფერი შემეძლო გამეკეთებინა, რათა ის, რაც ამ ომმა ადამიანებს მოუტანა, არ მომხდარიყო.

ათწლეულები გავიდა და ეს განცდა მუდმივად მახსენებს თავს…

ამ ზაფხულს, ენგურთან ჩაწერილ ვიდეომიმართვაში, 30 წლისწინანდელი ისტორია გავიხსენე — როგორ მანდო ომიდან რამდენიმე წლის შემდეგ აფხაზმა ახალგაზრდამ ცარიელ ფურცელზე საკუთარი ხელმოწერა. ამ ისტორიას ეხლა არ გავიმეორებ, მაგრამ თუ ვინმეს დააინტერესებს, ის არის პატარა მაგალითი, რომ კრემლის გარეშე ამ კონფლიქტის მოგვარება შეგვიძლია, უფრო მეტიც ის არც იარსებებდა…

ერთი შეხედვით, თავად ეს ისტორია, ჩემი ცხოვრების პატარა ეპიზოდია, მაგრამ ის დღემდე ნდობის მშენებლობის და შერიგების შესაძლებლობის ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებად და სტიმულად რჩება.

ჩემი დასკვნა მარტივია  – მშვიდობა მოდის განათლებით.
მშვიდობა მოდის ახალი უნარებითა და განსხვავებული დამოკიდებულებებით.

მაგრამ მშვიდობა მხოლოდ ის არ არის, რომ აღარ ისვრიან. ცხელი ომის შეწყვეტა უმნიშვნელოვანესია. „ნეგატიური მშვიდობა“ ომს სჯობს, მაგრამ ის საბოლოო მიზანი ვერ იქნება. ჩვენი მიზანი უნდა იყოს პოზიტიური, მდგრადი მშვიდობა.

და აქ ჩემთვის არსებობს პრინციპული ზღვარი: მშვიდობის სახელით არ უნდა გავჩუმდეთ არც სახელმწიფო ინტერესებზე, არც ადამიანის უფლებებზე, არც სამართლიანობასა და კანონიერებაზე, ხოლო უმისამართოდ ბოდიშის მოხდა უფრო მეტად მტკივნეული და დამაზიანებელია.

ამავე დროს, სიმართლის თქმა და საკუთარი ინტერესების დაცვა არ უნდა ნიშნავდეს დიალოგის შესაძლებლობის დაკარგვას.

სიმართლე და მშვიდობა ერთმანეთის ალტერნატივა არ არის.

უკვე გაიზარდა თაობები, რომლებსაც ომამდელი ქართულ-აფხაზური ურთიერთობები საკუთარი გამოცდილებით აღარ ახსოვთ. მათთვის სულ უფრო შორეულია დრო, როდესაც ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებობდა არა კონფლიქტი, არამედ ჩვეულებრივი ადამიანური ურთიერთობები — მეზობლობა, მეგობრობა, თანამშრომლობა, ერთმანეთის ნდობა და ნათესაობა. ამ ფონზე კრემლის  პროპაგანდა თავის ნეგატიურ კვალს აფართოებს და მშიდობის დამყარების პერსპექტივას უფრო ართულებს…

ამიტომ მხოლოდ დროის იმედად ყოფნა არ შეგვიძლია.

ხშირად ამბობენ — დრო ყველაფერს კურნავს.

მე ასე არ ვფიქრობ.

დრო თავისთავად არაფერს კურნავს. მნიშვნელობა აქვს, რას ვაკეთებთ ამ დროის განმავლობაში.

რა ცოდნას ვაძლევთ ახალ თაობას?
რა დამოკიდებულებებს ვუყალიბებთ?
რა გამოცდილებას ვუქმნით?
ვასწავლით თუ არა განსხვავებული ადამიანის მოსმენას, საკუთარი ინტერესების დაცვას აგრესიის გარეშე, მოლაპარაკებას, მედიაციას, თანამშრომლობასა და ნდობის მშენებლობას?

ახალგაზრდა თაობის გარეშე ამ პრობლემას ვერ დავძლევთ. მაგრამ ეს პასუხისმგებლობის მათთვის გადაბარებას არ ნიშნავს.

მათ სჭირდებათ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება და პასუხისმგებლობა.

ჩვენ გვჭირდება მათი ახალი ხედვა, ენერგია და ახალი კომპეტენციები.

მათ გარეშე ვერ შევძლებთ, მაგრამ ჩვენს გარეშეც ვერ შეძლებენ.

ეს არ უნდა იყოს თაობათა ჩანაცვლება. ეს უნდა იყოს თაობათა თანამშრომლობა მშვიდობისთვის.

ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია:

ხსოვნა — სიმართლის დავიწყების გარეშე;
მშვიდობა — სახელმწიფო ინტერესების, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დათმობის გარეშე;
დიალოგი — ერთმანეთის აღიარებით, ინტერესების დანახვითა და საკუთარი ღირსების დათმობის გარეშე;
განათლება — თაობათა თანამშრომლობისა და მდგრადი მშვიდობისთვის.

ენგური ჩემთვის მხოლოდ მდინარე და გამყოფი ხაზი არ არის.

მინდა დადგეს დღე, როდესაც ის აღარ იქნება დაბრუნების მოლოდინის საზღვარი.

27 სექტემბერი ჩემთვის მხოლოდ წარსულზე ფიქრის დღე არ მინდა იყოს.

ეს ჩემთვის საკუთარ თავთან კიდევ ერთხელ დასმული კითხვაცაა:

რა გავაკეთე?
რისი გაკეთება შემეძლო უკეთ?
და კიდევ რისი გაკეთება შემიძლია მომავალში?

იმისთვის, რომ ოდესმე ადამიანების თვალებში დაბრუნების მოლოდინი დაბრუნების ბედნიერებამ შეცვალოს.

მშვიდობა ერთი თაობის პროექტი ვერ იქნება!

გაზიარება:
წინა მომდევნო

კომენტარის დამატება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

არქივი

  • ოქტომბერი 2026
  • სექტემბერი 2026
  • ივლისი 2026
  • ივნისი 2026
  • მაისი 2026
  • აპრილი 2026
  • თებერვალი 2026
  • იანვარი 2026
  • დეკემბერი 2025
  • ნოემბერი 2025
  • ოქტომბერი 2025
  • სექტემბერი 2025

პროფილი

  • ბავშვობა
  • ოჯახი
  • გვარი
  • სიმბოლოები
  • ისტორიები

ღირებულებები

  • სამართლიანობა
  • დემოკრატია
  • მშვიდობა
  • მერიტოკრატია
  • კონკურენტუნარიანობა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • დონაცია
  • მოხალისეობა
  • მხარდაჭერა
  • რესურსები
  • კონტაქტი
Facebook-f Linkedin Youtube Instagram

© 2025 Aludagoglichidze.ge | ყველა უფლება დაცულია