“მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში” – სამწლიანი პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია კავკასიის უნივერსიტეტში, 2 ოქტომბერი, 2026
პროექტი გახლდათ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს მოდულის ფარგლებში და მისი ძირითადი მიზანი იყო, საქართველოს ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის ევროპულთან დაახლოების ხელშეწყობა, ფორმალურ სასწავლო პროცესში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირების ევროპული პრაქტიკის ადაპტაციით.
პროექტის ფარგლებში:
- ჩატარდა კვლევა იმის დასადგენად, თუ მედიაწიგნიერების რომელი ევროპული მოდელი დაინერგება ყველაზე ეფექტურად ქართულ აკადემიურ სფეროში.
74 სკოლიდან 314-მა მასწავლებელმა გაიარა პროფესიული გადამზადება;
12 სკოლიდან 161-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა საზაფხულო სკოლაში „ევროპა დეზინფორმაციის წინააღმდეგ“
დაწყებითი პედაგოგიკის პროგრამაში მედიაწიგნიერების სასწავლო კურსი უკვე სავალდებულო სტატუსით დაინერგა, რომელიც 108 სტუდენტმა გაიარა;
მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ სავალდებულო საგნის სტატუსით მედიაწიგნიერების დანერგვა არ ყოფილა დონორის მოთხოვნა, ეს ჩვენი გააზრებული გადაწყვეტილება გახლდათ, შეგვეტანა მოკრძალებული წვლილი საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისა და ევროინტეგრაციის საქმეში. ეს ასევე, მიმაჩნია მედიწიგნიერების კომპეტენციით მასწავლებლების აღჭურვის გზაზე სისტემური ბარიერის აღმოფხვრად.
მინდა ვთქვა, რომ ეს სამი წელი არ ყოფილა მარტივი, პროექტის წარმატებით განხორციელების გზაზე არა ერთი გამოწვევის გადალახვა დაგვჭირდა და ამდენად არ შეიძლება განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრა პროექტის ავტორსა და კოორდინატორს, მედიაწიგნიერების სასწავლო კურსის ლექტორს გიორგი ჯოლოგუას – მედიისა და კომუნიკაციის დოქტორს, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს.
მადლობა ევროკავშირს ამ შესაძლებლობებისთვის და მადლობა პროექტის ყველა მონაწილეს.
P.S. პროექტის ერთ დამატებით შედეგსაც მინდა გავუსვა ხაზი, ერთ-ერთი ჩვენი სტუდენტი სამაგისტრო ნაშრომს მედიაწიგნიერების თემაზე ამზადებს. სწორედ ეს არის უნივერსიტეტის დონეზე ნებისმიერი საკითხის სწავლების ერთ-ერთი დამატებითი უპირატესობა…