ალუდა გოგლიჩიძე
  • მთავარი
  • კარიერა
    • განათლება
    • არაფორმალური განათლება
    • სამუშაო გამოცდილება
    • აკადემიური საქმიანობა
    • საზოგადოებრივი ცხოვრება
  • პორტფოლიო
    • კვლევები და პოლიტიკის დოკუმენტები
    • ტრენინგები
    • პროექტები
    • გამოცემები, ნაშრომები, სტატიები
  • აქტივობები
  • ბლოგი
    • მომავლის ლიდერები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის
      • შეხვედრა მოსწავლეებთან ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში
      • შეხვედრა ახალი ქართული სკოლის მოსწავლეებთან
  • მთავარი
  • /
  • სიახლეები
  • /
  • „მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების პოპულარიზება-საარჩევნო კულტურა და მოქალაქეობა სკოლიდან იწყება“
initsiativa imiji 2026.09.22 10

„მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების პოპულარიზება-საარჩევნო კულტურა და მოქალაქეობა სკოლიდან იწყება“

22 სექტემბერი, 2026 No Comments მერიტოკრატიის დამხმარე პროექტები, პროგრამები, სიახლეები

„მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების პოპულარიზება – საარჩევნო კულტურა და მოქალაქეობა სკოლიდან იწყება!“ 

საზოგადოებრივი კამპანიის ინიციატივა

მიმართვა მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორსა და საგანმანათლებლო ლიდერებს

საიდან იწყება საარჩევნო კულტურა?

როდესაც მოქალაქე პირველად მიდის არჩევნებზე — 18 წლის ასაკში?

თუ გაცილებით ადრე — სკოლაში?

სასწავლო წელი დაიწყო. 15 ოქტომბარმდე საქართველოს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ სკოლის შიდა საქმეა.

მე ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხია.

იმიტომ, რომ სწორედ სკოლაში შეიძლება დაიწყოს ახალგაზრდა ადამიანის პირველი რეალური გამოცდილება:

  • აირჩიოს;
  • თავად იყოს კომპეტენტური კანდიდატი;
  • შექმნას საკუთარი პროგრამა და წარუდგინოს თანატოლებს;
  • მოუსმინოს განსხვავებულ მოსაზრებებს;
  • ისწავლოს კონკურენცია წესების დაცვით და დაამკვიდროს ასერტული კომუნიკაციის კულტურა;
  • დააკვირდეს საარჩევნო პროცესს;
  • მიიღოს გამარჯვებაც და დამარცხებაც;
  • და გამარჯვების შემდეგ პასუხი აგოს საკუთარ დაპირებებზე.

სხვა სიტყვებით —

სკოლაში შეიძლება დაიწყოს მოქალაქეობა.
სკოლაში შეიძლება დაიწყოს საარჩევნო კულტურა.

მაგრამ რა სურათი გვაქვს დღეს?

ევროპის საბჭოს 2025 წლის კვლევამ, რომელმაც 61 საჯარო სკოლაში 6,545 რესპონდენტი მოიცვა, აჩვენა, რომ:

  • მოსწავლეთა 53% თვითმმართველობის არჩევნებში არ მონაწილეობს;
  • სკოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში კი მხოლოდ 5% არის ჩართული.
  • მოსწავლეთა 31%-მა არც კი იცის თვითმმართველობის შესახებ, ხოლო 32% ფიქრობს, რომ მათ აზრს მაინც არავინ გაითვალისწინებს.

დამაფიქრებელია კიდევ ერთი მონაცემი: მასწავლებელთა 31% და დირექტორთა 38% მოსწავლეთა პასიურობას ინტერესის ნაკლებობას უკავშირებს, მაშინ როდესაც თავად მოსწავლეთა მხოლოდ 2% ამბობს, რომ მონაწილეობა არ სურს.

მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებში პასიურობის სტატისტიკის კონტექსტში განსაკუთრებულად დამაფიქრებელია სხვა მონაცემიც:

გამოკითხულ მშობელთა 55% ამბობს, რომ სამეურვეო საბჭოს არჩევნებში არასოდეს მიუღია მონაწილეობა. სამეურვეო საბჭოს, როგორც დემოკრატიული ჩართულობის მექნიაზმის, გამოწვევებზე სხვა არაერთი სტატისტიკური მონაცემი არსებობს, მაგრამ იმ ფონზე როცა საქართველოს საჯარო სკოლებში თითქმის 20 წელი არსებობს დემოკრატიული მონაწილეობის ინსტიტუციური მექანიზმი, მათ შორის მოსწავლეთა თვითმმართველობა და მისი ყოველწლიური არჩევნები, ეს რიცხვებიც საკმარისია, რომ ერთ მნიშვნელოვანი კითხვა დასვათ:

რამდენად ეფექტიანად ვასწავლით მომავალ თაობას მონაწილეობას, მოქალაქეობას, დემოკრატიულ კულტურას და რა პოზიტიურ გავლენას ვახდენთ ჩვენ უფროსები საკუთარი მაგალითით?

საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური დისკუსია ხშირად მწვავე და პოლარიზებულია. ამ პოლიტიკური პროცესების შეფასება ჩემი მიმართვის მიზანი არ არის. მაგრამ ერთი კითხვა ყველას გვეხება: როგორ დავიცვათ სკოლა ზრდასრულთა პოლიტიკური დაპირისპირებისგან და, ამავე დროს, როგორ მივცეთ ბავშვებს თავისუფალი არჩევანისა და პასუხისმგებლიანი მონაწილეობის რეალური გამოცდილება?

სკოლაში ჩატარებული არჩევნები არ უნდა იყოს რომელიმე პოლიტიკური პარტიის, იდეოლოგიის ან პოლიტიკური პოზიციის გაგრძელება ან ანარეკლი. ამიტომ გვჭირდება ამ პროცესის მკაფიო დეპოლიტიზაცია, რაც არ ნიშნავს მოქალაქეობრივი განათლებისგან დაცლას – პირიქით.

ეს უნდა იყოს მოქალაქეობრივი განათლების პრაქტიკული ლაბორატორია,

სივრცე, სადაც ბავშვი სწავლობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს არჩევანს;

კანდიდატობა — პასუხისმგებლობას;

კამპანია — საკუთარი იდეების არგუმენტირებულად წარდგენას;

კონკურენცია — განსხვავებული აზრის პატივისცემას;

ხოლო გამარჯვება — არა პრივილეგიას, არამედ ვალდებულებას.

ამიტომ ვფიქრობ, დღეს გვჭირდება საზოგადოებრივი კამპანია: „საარჩევნო კულტურა სკოლიდან იწყება.“

მინდა, პირველ რიგში, მივმართო მედიასა და ჟურნალისტებს:

  • დაინტერესდით მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებით;
  • მოყევით, როგორ ტარდება არჩევნები სკოლებში;
  • მოძებნეთ საინტერესო კანდიდატები და მათი იდეები;
  • ჰკითხეთ ბავშვებს — რის შეცვლა უნდათ საკუთარ სკოლაში?

აჩვენეთ საზოგადოებას არა მხოლოდ ის, ვინ გაიმარჯვა, არამედ ისიც, რას სწავლობს ახალგაზრდა დემოკრატიული პროცესით.

მინდა მივმართო სამოქალაქო საზოგადოებასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს:

თუ ვმუშაობთ დემოკრატიულ კულტურაზე, ადამიანის უფლებებზე, მოქალაქეობრივ მონაწილეობაზე, არჩევნებზე — იქნებ მეტი ყურადღება მივაქციოთ ადგილს, სადაც მომავალი ამომრჩეველი პირველად შეიძლება შეხვდეს არჩევნებს არა სახელმძღვანელოში, არამედ პრაქტიკაში.

დავეხმაროთ ახალგაზრდებს ისწავლონ თავისუფალი არჩევანი, სამართლიანი კამპანია, დებატები, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობა.

მინდა მივმართო კერძო სექტორსა და წარმატებულ ადამიანებს — მათ, ვინც საკუთარი ცოდნით, შრომით, პროფესიონალიზმითა და მიღწევებით შექმნა საკუთარი წარმატება:

  • დაეხმარეთ ახალგაზრდებს დაინახონ, რომ ინიციატივას, კომპეტენციას, პასუხისმგებლობასა და შრომას მნიშვნელობა აქვს;
  • გახდით მათი მენტორები;
  • მოუსმინეთ მათ იდეებს;
  • შექმენით შესაძლებლობები, რომ სკოლაში დაწყებული ლიდერობის გამოცდილება მომავალშიც გაგრძელდეს.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ არჩევნებისადმი ნდობაზე, მოქალაქეთა პასიურობაზე, პოლიტიკურ პოლარიზაციაზე, პასუხისმგებლობის დეფიციტსა და დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი უნდობლობაზე, მაგრამ:

  • იქნებ არჩევნებისადმი ნდობის სწავლა იწყება პირველი სამართლიანი არჩევნებით?
  • იქნებ განსხვავებული აზრის პატივისცემა იწყება პირველი სასკოლო დებატებით?
  • იქნებ პასუხისმგებლიანი ლიდერობა იწყება პირველი დაპირებით, რომლის შესრულებაც მოზარდს თანატოლების წინაშე უწევს?

მაგრამ იქნებ ამ პრობლემებზე მუშაობა მხოლოდ მაშინ არ უნდა დავიწყოთ, როდესაც ადამიანი 18 წლის ხდება?

იქნებ გაცილებით ადრე უნდა დავიწყოთ?

დღეს სკოლებში არიან მომავალი ამომრჩევლები, ჟურნალისტები, მეწარმეები, საჯარო მოხელეები, მომავალი მერები, პარლამენტარები, მთავრობის წევრები.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი:

ისინი არიან მომავალი მოქალაქეები.

ამიტომ მოგიწოდებთ:

  • მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ვაქციოთ საზოგადოებრივი ყურადღების საგნად.
  • წავახალისოთ მოსწავლეები, რომ აირჩიონ.
  • წავახალისოთ, რომ იყვნენ კანდიდატები.
  • წავახალისოთ, რომ ჩაერთონ არჩევნების ორგანიზებასა და დაკვირვებაში.
  • დავეხმაროთ მათ, რომ ეს არჩევნები არ დარჩეს ფორმალურ პროცედურად, რადგან დემოკრატიული კულტურა მხოლოდ კანონებით არ იქმნება – ის გამოცდილებით იქმნება.

რას ვაკეთებთ ჩვენ?

სწორედ ამ მიზნით, კომპანია „წარმატების პლატფორმა — საქართველო“, ჰუმანური განვითარების ცენტრთან პარტნიორობით, VII–XII კლასის მოსწავლეებს სთავაზობს უფასო ონლაინ ტრენინგ-კურსს „არჩევნები — გზა ფორმალური ლიდერობისკენ“.

კურსის მიზანია, დაეხმაროს მოზარდებს უკეთ გაიაზრონ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობა, საკუთარი უფლებები და შესაძლებლობები; მოემზადონ კანდიდატობისთვის, შექმნან საარჩევნო პროგრამა, წარადგინონ საკუთარი იდეები, წარმართონ კამპანია, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და არჩევნების შემდეგაც აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ინიციატივებზე, მაგრამ ერთი ტრენინგ-კურსი, ერთი ორგანიზაცია ან რამდენიმე აქტიური სკოლა ამ ამოცანას ვერ გადაწყვეტს.

თუ გვინდა, რომ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ფორმალური პროცედურიდან მოქალაქეობის, პასუხისმგებლობისა და ლიდერობის რეალურ გამოცდილებად იქცეს, საჭიროა საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობა.

სწორედ ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორს, განათლების სფეროს წარმომადგენლებს და ყველა დაინტერესებულ ადამიანს:

დავუჭიროთ მხარი საქართველოს სკოლებში კანონმდებლობით განსაზღვრულ მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნებს.

დავეხმაროთ სკოლებსა და მოსწავლეებს, რომ ეს პროცესი გახდეს პოპულარული, გამჭვირვალე, საინტერესო და მნიშვნელოვანი; წავახალისოთ მოზარდები, რომ იყვნენ არა მხოლოდ ამომრჩევლები, არამედ კანდიდატები, ორგანიზატორები, დამკვირვებლები, დებატების მონაწილეები და საკუთარი სკოლის უკეთესობისკენ შეცვლის ინიციატორები.

მოსწავლეთა არჩევნები შეიძლება ერთი შეხედვით სკოლის ლოკალური მოვლენა იყოს, მაგრამ სწორედ ასეთ გამოცდილებაში შეიძლება ყალიბდებოდეს ის, რასაც მოგვიანებით საარჩევნო კულტურას, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასა და დემოკრატიულ მონაწილეობას ვუწოდებთ.

თუ ამ ტექსტს ბოლომდე გაეცანით, დიდი ალბათობით ეს თემა თქვენთვისაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია. ძალიან დაგვავალებთ, თუ რამდენიმე წუთს დაუთმობთ მოკლე, ქვემოთ მოცემულ ანონიმურ კითხვარს — თქვენი გულწრფელი პასუხები დაგვეხმარება უკეთ დავინახოთ საზოგადოების დამოკიდებულება და ჩართულობის მზაობა, რათა მარტივად გავიაზროთ ინიციატივის გაფართოების შესაძლებლობები და ვიპოვოთ გზები, თუ როგორ ვაქციოთ საზოგადოებრივი მხარდაჭერა კონკრეტულ მონაწილეობად და მოქმედებად. წინასწარ გიხდით მადლობას ინიციატივის გაცნობისა და გამოკითხვაში მონაწილეობისთვის!

მოქალაქეობა 18 წლის ასაკში არ იწყება.

საარჩევნო კულტურა და მოქალაქეობაც სკოლიდან იწყება!

ალუდა გოგლიჩიძე

კომპანია „წარმატების პლატფორმა-საქართველოს“ დირექტორი

მოძარაობა მერიტოკრატიისთვის ინიციატორი

 

1. უჭერთ თუ არა მხარს საზოგადოებრივ ინიციატივას „საარჩევნო კულტურა სკოლიდან იწყება“ — მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები გახდეს უფრო ხილული, საინტერესო და რეალური მონაწილეობის გამოცდილება?
  • Add your answer
შედეგები

 

2. თუ მხარს უჭერთ ინიციატივას, მზად ხართ ჩაერთოთ მის განხორციელებაში?
  • Add your answer
შედეგები

თუ გსურთ მხარდაჭერიდან აქტიურ ჩართულობაზე გადასვლა, გაქვთ ინიციატივის მხარდაჭერის კონკრეტული იდეა, თანამშრომლობის წინადადება ან გსურთ ჩვენთან პირდაპირი კომუნიკაცია, მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: successplatform.ge@gmail.com

გაზიარება:
წინა მომდევნო

კომენტარის დამატება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

არქივი

  • ოქტომბერი 2026
  • სექტემბერი 2026
  • ივლისი 2026
  • ივნისი 2026
  • მაისი 2026
  • აპრილი 2026
  • თებერვალი 2026
  • იანვარი 2026
  • დეკემბერი 2025
  • ნოემბერი 2025
  • ოქტომბერი 2025
  • სექტემბერი 2025

პროფილი

  • ბავშვობა
  • ოჯახი
  • გვარი
  • სიმბოლოები
  • ისტორიები

ღირებულებები

  • სამართლიანობა
  • დემოკრატია
  • მშვიდობა
  • მერიტოკრატია
  • კონკურენტუნარიანობა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • დონაცია
  • მოხალისეობა
  • მხარდაჭერა
  • რესურსები
  • კონტაქტი
Facebook-f Linkedin Youtube Instagram

© 2025 Aludagoglichidze.ge | ყველა უფლება დაცულია