ალუდა გოგლიჩიძე
  • მთავარი
  • კარიერა
    • განათლება
    • არაფორმალური განათლება
    • სამუშაო გამოცდილება
    • აკადემიური საქმიანობა
    • საზოგადოებრივი ცხოვრება
  • პორტფოლიო
    • კვლევები და პოლიტიკის დოკუმენტები
    • ტრენინგები
    • პროექტები
    • გამოცემები, ნაშრომები, სტატიები
  • აქტივობები
  • ბლოგი
    • მომავლის ლიდერები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის
      • შეხვედრა მოსწავლეებთან ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში
      • შეხვედრა ახალი ქართული სკოლის მოსწავლეებთან
  • მთავარი
  • /
  • კარიერა
  • /
  • საზოგადოებრივი ცხოვრება
  • /
  • მოძრაობა მერიტოკრატიისთვის (2024- დღემდე)

მოძრაობა მერიტოკრატიისთვის (2024- დღემდე)

17 ოქტომბერი, 2025 No Comments საზოგადოებრივი ცხოვრება

  „მოძრაობა მერიტოკრატიისთვის“

 სადამფუძნებლო განაცხადი

  19/08.2024

  

შ ი ნ ა ა რ ს ი

მერიტოკრატიის არსი და გაგება. 3

რა არის მერიტოკრატიის დადებითი მხარეები?. 4

მერიტოკრატიის რისკებიდან გამოწვევებამდე: 5

რატომ მერიტოკრატია?. 6

მერიტოკრატია „VS“ თუ „&“ დემოკრატია. 7

მერიტოკრატია „VS“ თუ „&“ გერონტოკრატია. 8

მოძრაობის  მისია, ხედვა, ღირებულებები. 8

მისია: 8

ხედვა: 8

ღირებულებები: 9

დევიზი: 9

მიდგომები და ფასეულობები: 9

მოძრაობის სტრატეგიული მიმართულებები: 10

  1. მერიტოკრატიის შესახებ განათლება, ცნობიერების ამაღლება – საერთაშორისო თანამშრომლობა და ქსელის განვითარება. 10
  2. აკადემიური თავისუფლება/კვლევები, პოლიტიკის ანალიზი, თვითმმარველობების გაძლიერება და ინსტიტუციური რეფორმების ადვოკატირება / საჯარო სექტორში მერიტოკრატიული სისტემების დანერგვის ხელშეწყობა. 10
  3. განათლების სისტემის რეფორმირება, შრომის ბაზარი, კონკურენტუნარიანობა და ქვეყნის მდგრადი განვითარება მერიტოკრატიის პოზიტიური ეფექტის გამოყენებით.. 10
  4. მერიტოკრატიული სტანდარტების დანერგვა – დემოკრატიზაცია, ახალგაზრდები, თაობათა პარტნიორობა და ევროინტეგრაციის ხელშეწყობა. 10
  5. არაძალადობრივი მეთოდებით მერიტოკრატიული რეფორმების განხორციელება და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა. 10

მოქმედების დროა – მოძრაობის დაფუძნება და განვითარების ეტაპები. 10

 

 

 

 

 

 

 

 

მერიტოკრატიის არსი და გაგება

 

მერიტოკრატია არის სოციალური სისტემა ან ორგანიზაციული პრინციპი, რომლის თანახმადაც ინდივიდის წინსვლა, დაწინაურება და სოციალური სტატუსი განისაზღვრება მისი ნიჭით, უნარებით, დამსახურებით და მიღწევებით და არა ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა სოციალური წარმომავლობა (არისტოკრატია), ოჯახური კავშირები (ნეპოტიზმი), ქონებრივი მდგომარეობა (ოლიგარქია, პლუტოკრატია), პოლიტიკური კუთვნილება (ქრონიზმი) ან სხვა პრივილეგიები.

მერიტოკრატიის ერთგვარი ფორმა არის ტექნოკრატია, სადაც თანამდებობებზე დანიშნვა ხდება დემონსტრირებული ტექნიკური ექსპერტიზის საფუძველზე.

მერიტოკრატია წარმოადგენს მემკვიდრეობითი არისტოკრატიისა და ნეპოტიზმის უარყოფას. მერიტოკრატიის თეორია შანსების თანასწორობის შესაძლებლობას გულისხმობს. ამ კონცეფციის ძირითადი იდეაა, რომ საზოგადოება უკეთ ფუნქციონირებს, როდესაც პოზიციები და შესაძლებლობები ხელმისაწვდომია ყველაზე კვალიფიციური და მუყაითი ადამიანებისთვის, მიუხედავად მათი სოციალური ფონისა.

ტერმინი მერიტოკრატია შექმნილია ლათინური “meritus” (დამსახურება) და ბერძნული “κράτος” (ძალაუფლება, მმართველობა) კომბინაციით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მერიტოკრატიაზე, რომლის პირობებშიც ინდივიდის წარმატებისთვის გადამწყვეტია უნარები და დამსახურება, იმავდროულად მოვიაზრებთ მათ პროფესიონალიზმს ანუ კომპეტენტურობას, ამდენად უნდა განვმარტოთ ამ ტერმინის მნიშვნელობა და გაგება.

ტერმინი კომპეტენცია საფუძველს იღებს ლათინურიდან. სიტყვას „Competere” გააჩნია ლათინური ფუძე. სწორედ აქედან  არის წარმოქმნილი ინგლისურ ენაში სიტყვა „Competent”, რაც თავის მხრივ ნიშნავს საკმარისი უნარის ქონას, ცოდნასა და ზოგადად – უნარიანობას. გარდა ამისა, იტალიურად სიტყვა “Competere” ნიშნავს მეტოქეობას შეჯიბრსა და კონკურენციას. მეორე სიტყვა „Competentia”, რომელის ფუძეც ასევე ლათინურიდან იღებს სათავეს, განსხვავებული მნიშვნელობისაა, რაც მიგვანიშნებს ამ ტერმინის მრავალმხრივ მნიშვნელობაზე. სიტყვა „Competentia” ნიშნავს შემადგენელი ნაწილების სიმეტრიას, შეთანხმებულობასა და თანაზომიერებას, რაც მიუთითებს პიროვნებაში გარკვეული სახის ბალანსის არსებობაზე. უაღრესად საინტერესო და ღრმა შინაარსის გამომხატველია ანტიკური ხანის პერიოდის ლათინური ენის გრამატიკოსის, აულუს გელიუსის მიერ მოყვანილი განმარტება, რომლის მიხედვითაც ეს სიტყვა ციური სხეულების თანმიმდევრულობასა და შეთანხმებას აღნიშნავს. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ტერმინი კომპეტენცია ერთი მხრივ გარეგანი, ხოლო მეორეს მხრივ შინაგანი მახასიათებლების არსებობაზე მიგვითითებს: გარეგანი მახასიათებლები ვლინდება ისეთ პროაქტიულ ქმედებაში როგორიცაა მეტოქეობა, შეჯიბრი და კონკურენცია, ხოლო შინაგანი მახასიათებელი ასახავს ისეთ შინაგან განცდას, როგორიცაა ძალთა ბალანსი და შემადგენელი ნაწილების სიმეტრია.

გარდა ამისა, ტერმინი „Competens“ ლათინურ ენაში გამოიყენება შემდეგი მნიშვნელბით – პასუხისმგებლობა, გაძლიერებული, კანონიერი და მართებული.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითერების ორგანიზაციის (OECD) განსაზღვრების თანახმად, კომპეტენცია წარმოადგენს უფრო მეტს ვიდრე გარკვეული ცოდნისა და უნარების ნაკრები. ამ ტერმინის მიღმა იგულისხმება უნარი, რომელიც პიროვნებას შესაძლებლობას ანიჭებს დააკმაყოფილოს კომპლექსური მოთხოვნები. მაგ. თუკი აუცილებელია რომ პიროვნება კომპეტენტური იყოს რომელიმე საგნის სწავლების უნარის მხრივ, ის უნდა ფლობდეს სასაუბრო ენას, უნდა ჰქონდეს ცოდნა, უნდა გააჩნდეს დამოკიდებულება როგორც სასწავლო საგნის, ასევე იმ პირების მიმართ ვისთანაც იგი ურთიერთობას ამყარებს ამ პროცესში. სწორედ ამ მიზნით თითოეული ჩვენთაგანი ახდენს ფსიქოსოციალური რესურსების მობილიზებას, რაც ასევე კომპეტენციის ერთ-ერთ მნიშვნელობას წარმოადგენს.

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე და ასევე ევროკავშირის მიერ მოცემულ განსაზღვრებაზე დაყრდნობით, საკვანძო კომპეტენციები წარმოადგენენ პიროვნების ცოდნის, ამ ცოდნისათვის შესაბამისი უნარებისა და სათანადო დამოკიდებულებების ნაკრებს, სადაც:

1) ცოდნა მოიცავს უკვე დადგენილ ფაქტებსა და ციფრებს, კონცეფციებს, იდეებსა და თეორიებს და ხელს უწყობს გარკვეული სფეროს ან საგნის გაგებას;

2) უნარი განისაზღვრა, როგორც შედეგის მისაღწევად პროცესების განხორციელებისა და არსებული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა;

3) დამოკიდებულება აღწერს იმ განწყობასა და მენტალობას, რომელიც განაპირობებს ქმედებასა და რეაქციას იდეების, ადამიანებისა და სიტუაციების მიმართ. ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაცია მთელი სიცოცხლის მაძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციების შესახებ.

კომპეტენციები ერთიანდებიან საკვანძო კომპეტენციებში. გერმანელი მკვლევრების მოსაზრებების თანახმად, საკვანძო კომპეტენციების პირველი შემადგენელი კომპონენტი, ტექნიკური კომპეტენციაა. ამ კომპეტენციის მქონე პროფესიონალი კონკრეტული სამუშაო ადგილისათვის შესაბამის ცოდნასა და უნარებს ფლობს. მეორე კომპონენტი, მეთოდური კომპეტენციაა, რაც გულისხმობს სხვადსხვა პროფესიული კონტექსტისათვის შესაბამისი სამუშაო მეთოდებისა და ტექნიკების გამოყენების შესაძლებლობას. მესამე კომპონენტი, სოციალური კომპეტენციაა, რომელიც წარმოადგენს სოციალური ურთიერთობისთვის აუცილებელი საკომუნიკაციო და თანამშრომლობის უნარების ნაკრებს. მეოთხე კომპონენტი პიროვნული კომპეტენციაა, რომელიც წარმოადგენს პიროვნების დამოკიდებულებებს, ფასეულობებსა და მოტივაციას. პიროვნული კომპეტენცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა პროფესიონალის თვითორგანიზებულობის, თვითრეფლექსურობისა და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის ჩამოყალიბებაში.

 

 

რა არის მერიტოკრატიის დადებითი მხარეები?

მერიტოკრატიის დადებითი მხარეები:

  1. თანაბარი შესაძლებლობები და სამართლიანობა: მერიტოკრატია ხაზს უსვამს ყველა ინდივიდისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მნიშვნელობას, ხელს უწყობს იმ აზრს, რომ ყველას უნდა ჰქონდეს წარმატების თანაბარი შანსი მათი შესაძლებლობებისა და ძალისხმევის საფუძველზე, განურჩევლად მათი წარმომავლობისა და სოციალური სტატუსისა. შედეგად კი ამკვიდრებს სოციალურ სამართლიანობას, რამეთუ ადამიანები ფასდებიან მათი რეალური დამსახურების მიხედვით.
  2. კონკურენცია და მოტივაცია: ის უბიძგებს ინდივიდებს სწრაფვისკენ სრულყოფილებისკენ და მუდმივი გაუმჯობესებისკენ, ახალისებს ადამიანებს განავითარონ თავიანთი უნარები და იმუშაონ ინტენსიურად, რადგან იციან, რომ ჯანსაღი კონკურენციის გზით მათი ძალისხმევა დაფასდება.
  3. ეფექტურობა და ეფექტიანობა: თეორიულად, მერიტოკრატია უზრუნველყოფს, რომ ყველაზე კომპეტენტური ადამიანები იკავებდნენ მნიშვნელოვან პოზიციებს, რაც ზრდის საზოგადოების საერთო ეფექტურობას და ეფექტიანობას/პროდუქტიულობას.
  4. ინდივიდუალური მიღწევები და სოციალური მობილობა: მერიტოკრატია დიდ აქცენტს აკეთებს ინდივიდუალურ მიღწევებზე და პირად პასუხისმგებლობაზე, ხელს უწყობს სოციალურ მობილობას, რადგან ნიჭიერ და შრომისმოყვარე ადამიანებს (ახალგაზრდებს, მოწყვლადი ოჯახების შვილებს, ზრდასრულებს) შეუძლიათ ჰქონდეთ წინსვლა და წარმატების შანსი, რადგან ის განიხილება როგორც საკუთარი ძალისხმევისა და შესაძლებლობების შედეგი, წარმომავლობის, სიმდიდრის ან კავშირების მიუხედავად.
  5. პროფესიონალიზმის წახალისება: მერიტოკრატია უზრუნველყოფს   პროფესიული განვითარებისა და განათლების წახალისებას, რაც მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
  6. ინოვაციები და პროგრესი: ნიჭიერი ადამიანების წახალისებით, მერიტოკრატია ხელს უწყობს ინოვაციებს და პროგრესს.
  7. კორუფციასთან ბრძოლა: საქართველოში კორუფცია მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მერიტოკრატია არის კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედითი და ეფექტური საშუალება.
  8. საბჭოთა წარსულის დაძლევა: მერიტოკრატია არის საბჭოთა სისტემის რეალური საპირისპირო მოდელი, სადაც პარტიული კუთვნილება ან იდეოლოგიური ერთგულება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე პროფესიონალიზმი.
  9. ევროპული ღირებულებები: საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვის კონტექსტში მერიტოკრატია უნდა განვიხილოთ როგორც ევროპული ღირებულებების ნაწილი.
  10. ეკონომიკური განვითარება: მერიტოკრატია არის გზა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ, რადგან ის ხელს უწყობს ნიჭიერი ადამიანების წინსვლას და ინოვაციების წახალისებას.
  11. საჯარო სექტორის ეფექტურობის გაზრდა: მერიტოკრატია არის საჯარო სამსახურის ეფექტურობის გაზრდის საშუალება, რაც გააუმჯობესებს მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდებას.
  12. პოლიტიკური ელიტების ცვლილება: საზოგადოების მხრიდან მერიტოკრატიის მხარდაჭერა ლოგიკურად გამოიწვევს პოლიტიკური ელიტების განახლებას უფრო კომპეტენტური კადრებით.

 

მერიტოკრატიის რისკებიდან გამოწვევებამდე:

მერიტოკრატია თეორიულად ყველაზე სამართლიან სისტემად მიიჩნევა, მაგრამ ის რთული და კომპლექსური კონცეფციაა, რომელსაც ეყოლება როგორც მხარდამჭერები, ასევე კრიტიკოსები. მისი პრაქტიკული განხორციელება ხშირად უფრო რთულია, ვიდრე თეორიული იდეა, ამიტომ მნიშვნელოვანია როგორც მერიტოკრატიის ძლიერი და დადებითი მხარეების ცოდნა, არამედ მისი სირთულეების და რისკების გაცნობიერებაც:

  1. არათანაბარი საწყისი პირობები: პრაქტიკაში, ადამიანებს არ აქვთ თანაბარი შესაძლებლობები განავითარონ თავიანთი უნარები, რაც ართულებს ჭეშმარიტი მერიტოკრატიის მიღწევას. კვლევები აჩვენებს, რომ არახელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის ოჯახების შვილებს როგორც წესი ექმნებათ სისტემური ბარიერები, რაც ხელს უშლის მათ სრულად გააცნობიერონ თავიანთი პოტენციალი, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა და ძალისხმევისა. მაგალითად, განათლება: უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე მისასვლელად ქვეყნის მასშტაბით მოსწავლეებს არათანაბარი სასტარტო პირობები აქვთ, როგორც სკოლების სტატუსის, ასევე გეოგრაფიული მდებარეობის და ოჯახების სოციალური შესაძლებლობების მიხედვით.
  • მერიტოკრატიის აღნიშნული რისკის შესაბამისი საპასუხო გამოწვევა უნდა იყოს ქვეყნის მასშტაბით ხარისხიანი ზოგადი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა ყველა მოზარდისა და თანაბარი სასტარტო პირობების შექმნა ყველა ახალგაზრდისთვის!
  1. სოციალური უთანასწორობის გაღრმავება: მერიტოკრატიამ შეიძლება გააძლიეროს არსებული უთანასწორობა, რადგან უკვე პრივილეგირებული ჯგუფების წარმომადგენლებს უკეთესი წვდომა აქვთ რესურსებზე თავიანთი “შესაძლებლობების” განსავითარებლად. მაგალითად, კორპორატიული სამყარო: ბევრი კომპანია ცდილობს დააწინაუროს თანამშრომლები მათი შედეგების მიხედვით.
  • მერიტოკრატიის აღნიშნული რისკის შესაბამისი საპასუხო გამოწვევა უნდა იყოს აქცენტი სოციალურ სამართლიანობაზე, უწყვეტი განათლების სისტემაზე, სადაც ზრდასრულთა განათლება გახდება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ადამიანებს ნებისმიერ ასაკში ექნებათ საშუალება იზრუნონ მუდმივ სწავლასა და განვითარებაზე, გადამზადებაზე, ახალი კვცალიფიკაციების დაუფლებაზე და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობისთვის.
  1. ფსიქოლოგიური გავლენა და ჰუმანური ღირებულებების იგნორირება: ზედმეტმა აქცენტმა “დამსახურებაზე” და წნეხმა მუდმივად კონკურენცია გაუწიო სხვებს შეიძლება გამოიწვიოს უარყოფითი ფსიქოლოგიური ეფექტები, როგორიცაა სტრესი, შფოთვა და პროფესიული „გადაწვა“, ასევე ინდივიდუალიზმისა და ეგოცენტრულობის „კულტურა“ და უგულებელყოს ისეთი ღირებულებები, როგორიცაა თანაგრძნობა და სოლიდარობა. მაგალითად, სპორტი: პროფესიონალ სპორტსმენებს ირჩევენ მათი უნარებისა და შედეგების საფუძველზე.
  • მერიტოკრატიის აღნიშნული რისკის შესაბამისი საპასუხო გამოწვევა უნდა იყოს პროფესიული და პროფესიონალური გაერთიანებების გაძლიერება და ხელშეწყობა, შრომის ბაზრის გამჭვირვალობა და კარიერული ზრდის მოქნილი სისტემების ჩამოყალიბება.
  1. “დამსახურების” განსაზღვრის სირთულე: მერიტოკრატია მიდრეკილია დამსახურება განსაზღვროს  ვიწრო გაგებით და აქცენტი კეთდება მხოლოდ ინტელექტუალურ შესაძლებლობებზე ან კონკრეტულ უნარებზე, რამაც შესაძლოა უგულებელყოს სხვა ღირებული თვისებები და წვლილი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ინდივიდებს. ხშირად რთულია ობიექტურად განისაზღვროს, რა არის “დამსახურება” და როგორ უნდა გაიზომოს ის. მაგალითად, საჯარო სამსახური: ბევრ ქვეყანაში, საჯარო მოხელეების შერჩევა ხდება კონკურენტული გამოცდების საფუძველზე.
  • მერიტოკრატიის აღნიშნული რისკის შესაბამისი საპასუხო გამოწვევა უნდა იყოს შეფასებისა და დაწინაურებისთვის ღია და გამჭვირვალე სისტემის შექმნა, შეფასებისთვის მკაფიო და გაზომვადი კრიტერიუმების დადგენა, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ყველა სოციალური ჯგუფისთვის, სისტემებში რეგულარული აუდიტის ჩატარება მიკერძოების თავიდან ასაცილებლად.

 

რატომ მერიტოკრატია?

მერიტოკრატია VS ქრონიზმი, ნეპოტიზმი, ოლიგარქია, პლუტოკრატია და ა.შ.

  • ქრონიზმი (Cronyism): ძალაუფლების მქონე პირების მიერ მეგობრების ან ნდობით აღჭურვილი პირების უპირატესობაში ჩაყენება, მათი კვალიფიკაციის მიუხედავად. ურთიერთმიმართება: მერიტოკრატია პირდაპირ ეწინააღმდეგება ქრონიზმს. მერიტოკრატია ეფუძნება უნარებსა და დამსახურებას, მაშინ როცა ქრონიზმი – პირად ურთიერთობებს.
  • ნეპოტიზმი (Nepotism): ოჯახის წევრების უპირატესობაში ჩაყენება, განსაკუთრებით სამსახურებრივ დანიშვნებში. ურთიერთმიმართება: მსგავსად ქრონიზმისა, ნეპოტიზმიც ეწინააღმდეგება მერიტოკრატიის პრინციპებს, რადგან ის პრიორიტეტს ანიჭებს ნათესაურ კავშირებს და არა კომპეტენციას.
  • ოლიგარქია: მმართველობის ფორმა, სადაც ძალაუფლება კონცენტრირებულია მცირე ჯგუფის ხელში, ხშირად სიმდიდრის ან წარმოშობის საფუძველზე. ურთიერთმიმართება: ოლიგარქია ეწინააღმდეგება მერიტოკრატიას, რადგან ის ძალაუფლებას ანიჭებს არა დამსახურების, არამედ სიმდიდრის ან სტატუსის საფუძველზე.
  • პლუტოკრატია: სისტემა, სადაც ძალაუფლება კონცენტრირებულია მდიდარი ადამიანების ხელში. ურთიერთმიმართება: პლუტოკრატია უპირატესობას ანიჭებს სიმდიდრეს, მაშინ როცა მერიტოკრატია – უნარებსა და დამსახურებას.
  • არისტოკრატია: მმართველობის სისტემა, სადაც ძალაუფლება ეკუთვნის პრივილეგირებულ კლასს, ხშირად მემკვიდრეობით. ურთიერთმიმართება: არისტოკრატია ეფუძნება დაბადებით მიღებულ სტატუსს, მაშინ როცა მერიტოკრატია – პირად მიღწევებს.
  • ეგალიტარიანიზმი: იდეოლოგია, რომელიც მხარს უჭერს თანასწორობას ყველა ადამიანისთვის. ურთიერთმიმართება: ეგალიტარიანიზმი შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მერიტოკრატიასთან, რადგან მერიტოკრატია შეიძლება იწვევდეს გარკვეულ უთანასწორობას დამსახურების საფუძველზე.
  • კვოტების სისტემა: სისტემა, სადაც გარკვეული პოზიციები ან შესაძლებლობები დაცულია კონკრეტული ჯგუფებისთვის. ურთიერთმიმართება: კვოტების სისტემა ხშირად განიხილება როგორც მერიტოკრატიის საწინააღმდეგო, თუმცა ზოგი ამტკიცებს, რომ ის აუცილებელია ისტორიული უთანასწორობის გამოსასწორებლად.
  • დემოკრატია: მმართველობის ფორმა, რომელიც აგებულია პუპულარობაზე. ურთიერთმიმართება: დემოკრატიაში ლეგიტიმურობა მომდინარეობს ხალხის ნებიდან, ის ხაზს უსვამს ფართო მონაწილეობას, მერიტოკრატიაში კი ლეგიტიმურობის წყარო კომპეტენციაა და უპირატესობას ანიჭებს ექსპერტთა აზრს.
  • გერონტოკრატია: მმართველობის ფორმა, რომელიც აგებულია უფროს-უმცროსობაზე. ურთიერთმიმართება: ძალაუფლება და გადაწყვეტილების მიღების უფლება ეკუთვნის უფროს, ხანდაზმულ ადამიანებს, ხშირად მათი ასაკისა და გამოცდილების გამო, მაშინ როდესაც მერიტოკრატიის შემთხვევაში დაწინაურება და სტატუსი დამოკიდებულია პირად დამსახურებაზე და უნარებზე.

მერიტოკრატიის მიმართება ქრონიზმთან, ნეპოტიზმთან, ოლიგარქიასთან, პლუტოკრატიასა თუ სხვა სისტემებთან ცალსახა და დაპირისპირებულია, მაგრამ ქართული კონტექტის გათვალისწინებით განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ  მერიტოკრატიის ურთიერთმიმართებაზე დემოკრატიასთან და გერონტოკრატიასთან. მითუმეტეს, რომ ამ მიდგომის მერიტოკრატიასთან დაბალანსება მნიშვნელოვანია.

 

მერიტოკრატია „VS“ თუ „&“ დემოკრატია

ქართული საზოგადოება ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დეკლარირებულად ცდილობს ააშენოს დემოკრატიული სახელმწიფო. ამ გზაზე წარმატებების თუ წარუმატებლობების მიუხედავად საზოგადოება სხვადასხვა დონეზე იცნობს დემოკრატიის არსს, რასაც ვერ ვიტყვით მერიტოკრატიაზე, მმართველობის ეს ფორმა ჯერ-ჯერობით ფართო საზოგადოებისთვის უცნობია.

მერიტოკრატიისა და დემოკრატიის ურთიერთმიმართება კომპლექსური და მრავალწახნაგოვანია. მას რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს. ლეგიტიმურობის საკითხისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის თავისებურებების გარდა მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულების ასპექტიც, კერძოდ დემოკრატიაში ლიდერები ანგარიშვალდებულნი არიან ამომრჩევლების წინაშე. მერიტოკრატიულ სისტემაში უნდა არსებობდეს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ექსპერტების ანგარიშვალდებულებას.

  • მერიტოკრატია VS დემოკრატია
    • პოტენციური წინააღმდეგობა: ზოგჯერ მერიტოკრატიული პრინციპები შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს დემოკრატიულ არჩევანთან. მაგალითად, ხალხმა შეიძლება აირჩიოს ნაკლებად კვალიფიციური, მაგრამ პოპულარული კანდიდატი.
  • მერიტოკრატია და დემოკრატია
    • ურთიერთშევსება: იდეალურ შემთხვევაში, მერიტოკრატია და დემოკრატია შეიძლება ავსებდნენ ერთმანეთს. დემოკრატია უზრუნველყოფს ხალხის ხმის გათვალისწინებას, ხოლო მერიტოკრატია – კომპეტენტური ადამიანების მიერ გადაწყვეტილებების მიღებას.
    • სოციალური მობილობა: მერიტოკრატია შეიძლება გახდეს დემოკრატიული იდეალების განხორციელების საშუალება, უზრუნველყოფს რა თანაბარ შესაძლებლობებს ყველასთვის.
    • განათლების როლი: ორივე სისტემისთვის მნიშვნელოვანია განათლებული და ინფორმირებული საზოგადოება. დემოკრატიისთვის ეს აუცილებელია გონივრული არჩევანის გასაკეთებლად, მერიტოკრატიისთვის კი – ნიჭიერი კადრების მოსამზადებლად.
    • ინსტიტუციური სტრუქტურა: შესაძლებელია ისეთი სისტემის შექმნა, სადაც დემოკრატიული არჩევნები კომბინირებულია მერიტოკრატიულ შერჩევასთან გარკვეული პოზიციებისთვის (მაგ., მოსამართლეები, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელები).
    • ადაპტაციის უნარი: დემოკრატია ხშირად უფრო მოქნილია ცვლილებების მიმართ, მაშინ როცა მერიტოკრატია შეიძლება უფრო სტაბილური იყოს. იდეალურ შემთხვევაში, სისტემამ უნდა შეძლოს ორივე თვისების შეთავსება.

საბოლოოდ, მერიტოკრატიისა და დემოკრატიის ეფექტური შერწყმა მოითხოვს ფრთხილ ბალანსს და მუდმივ ყურადღებას, რათა შენარჩუნდეს როგორც ხალხის ნების პატივისცემა, ისე კომპეტენციის წახალისება. ეს შეიძლება იყოს გამოწვევა, მაგრამ ასევე შესაძლებლობა უფრო ეფექტური და სამართლიანი მმართველობის სისტემის შესაქმნელად.

  • მერიტოკრატია და დემოკრატრია – სიმბიოზის სავარაუდო მიგნება

მერიტოკრატიისა და დემოკრატრიის სიმბიოზის უზრუნველყოფისათვის მიგნება შეიძლება იყოს შიდაპარტიულ დონეზე მერიტოკრატიის დანერგვის ხელშეწყობა, რათა პოლიტიკაში წარმოჩინდნენ კვალიფიციური ადამიანები თავიანთი ნიჭისა და შრომის დამსახურებით, ხოლო პარტიის გარეორგანიზაციულ დონეზე აქცენტი გაკეთდეს დემოკრატიულ პრინციპებზე, ანუ მერიტოკრატიული პრინციპებით წარმოჩინებულ პროფესიონალთა პოპულარულობისა და ხალხის მხარდაჭერის მოპოვებაზე.

 

მერიტოკრატია „VS“ თუ „&“ გერონტოკრატია

მერიტოკრატიასა და გერენტოკარატიას შორის განსხვავება ძირითად პრინციპშია: მერიტოკრატია ფოკუსირებულია უნარებსა და მიღწევებზე, მაშინ როცა გერონტოკრატია პრიორიტეტს ანიჭებს ასაკს და გამოცდილებას.

  • პოტენციური კონფლიქტი: ეს ორი სისტემა შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს ერთმანეთთან, როცა ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანები ვერ იკავებენ მაღალ პოზიციებს მხოლოდ იმიტომ, რომ უფროსი თაობა ინარჩუნებს ძალაუფლებას.
  • კულტურული კონტექსტი: ზოგიერთ საზოგადოებაში, სადაც ტრადიციულად პატივს სცემენ უფროს თაობას, გერონტოკრატიული ელემენტები შეიძლება უფრო მისაღები იყოს, ვიდრე წმინდა მერიტოკრატიული მიდგომა.
  • ევოლუცია დროთა განმავლობაში: ბევრ საზოგადოებაში შეიმჩნევა ტენდენცია გერონტოკრატიიდან მერიტოკრატიისკენ გადასვლისა, განსაკუთრებით ტექნოლოგიურად სწრაფად განვითარებად სფეროებში.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორივე სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, და მათი ეფექტურობა ხშირად დამოკიდებულია კონკრეტულ კონტექსტზე და გარემოებებზე.

  • მერიტოკრატია და გერონტოკრატია: ბალანსის ძიება – თაობათა პარტნიორობა

თეორიულად, იდეალურ შემთხვევაში, საზოგადოებამ ან ორგანიზაციამ შეიძლება სცადოს ბალანსის პოვნა, სადაც ფასდება როგორც გამოცდილება (გერონტოკრატიული ელემენტი), ასევე უნარები და ინოვაცია (მერიტოკრატიული ელემენტი). ქართულ რეალობაში თაობათა შორის დაპირისპირების ისტორიული კონტექტის გათვლისწინებით, ამ ბალანსის პოვნა არათუ შესაძლებელია, არამედ აუცილებელიცაა, მითუმეტეს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე ახალგაზრდა თაობის პოტენციალის და უფროსი თაობის გამოცდილების ურთიერთშემავსებელი ეფექტის გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ მერიტოკრატიისთვის მოძრაობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება თაობათა პარტნიორობის იდეას მოიაზრებს.

 მოძრაობის  მისია, ხედვა, ღირებულებები

მისია: #

“მოძრაობა მერიტოკრატიისთვის” მიზნად ისახავს საქართველოში მერიტოკრატიული პრინციპების დამკვიდრებას, სადაც პიროვნების წარმატება და წინსვლა დამოკიდებული იქნება მის უნარებზე, ცოდნასა და შრომისმოყვარეობაზე. ჩვენ ვმუშაობთ საზოგადოების ყველა სფეროში თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და სამართლიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად.

ხედვა: #

“მოძრაობა მერიტოკრატიისთვის” გრძელვადიან პერსპექტივაში არის სხვადასხვა სფეროს მეცნიერთა, მკვლევართა, ექსპერტთა, განმანათლებელთა, პედაგოგთა, ადმინისტრატორთა/მენეჯერთა, ზოგადად პროფესიონალთა და პროფესიონალიზმის/კომპეტენტურობის გულშემატკივართა გაერთიანება, რომელიც საინფორმაციო, საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობებით, ადვოკარიტრების კამპანიებით და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ინტერესთა ჯგუფების ჩართვით, პოლიტიკურ აქტორებთან მრავალმხრივი თანამშრომლობით ხელს უწყობს განათლების სისტემაში, საჯარო და კერძო სექტორში სისტემური ბარიერების აღმოფხვრასა და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობას სადაც:

  • ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი სასტარტო პირობები და შანსების შესაძლებლობა წარმოაჩინოს და განავითაროს საკუთარი ნიჭი და უნარები, ხოლო სისტემა უზრუნველყოფს ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენას, განვითარებისა და წინსვლის თანაბარ შესაძლებლობებს;
  • საჯარო და კერძო სექტორში დასაქმება და დაწინაურება ხდება მხოლოდ პიროვნული ღირსებების, კომპეტენციისა (ცოდნა-უნარები-დამოკიდებულებები) და დამსახურების საფუძველზე.
  • საჯარო სექტორში უზრუნველყოფილია პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტები, გამიჯნულია მისი პოლიტიკური და ადმინისტრაციული ნაწილი, ეფექტურად მოქმედებს პოლიტიკური ზეგავლენისაგან დამოუკიდებელი მართვის განხორციელების მექანიზმები და საჯარო მოხელეები დაცულები არიან პოლიტიკური ცვალებადობისგან;
  • პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სისტემებში ინდივიდებს ძალაუფლება, გავლენა ან სარგებლიანი პოზიციები ენიჭებათ/გადაეცემათ მხოლოდ მათი შესაძლებლობებისა და მიღწევების საფუძველზე და არა მათი სოციალური, კულტურული ან ეკონომიკური წარმომავლობის ან შეუსაბამო პიროვნული მახასიათებლების გამო.
  • განათლების სისტემა უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლენას და ხარისხიანი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის საკვანძო კომპეტენციებით აღჭურვას და ნებისმიერ ასაკში ადამიანების შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობას, მოსახლეობის კეთილდღეობას.
  • ეკონომიკური და სოციალური პროგრესი ეფუძნება ინოვაციას, შრომისმოყვარეობასა და პროფესიონალიზმს.

ღირებულებები: #

  • სამართლიანობა: ვემხრობით თანაბარ მოპყრობას და შესაძლებლობებს ყველასთვის;
  • ობიექტურობა: ვხელმძღვანელობთ შეფასების მკაფიო და გაზომვადი კრიტერიუმებით;
  • გამჭვირვალობა: ვუზრუნველყოფთ ღია და გამჭვირვალე პროცესებს ყველა საქმიანობაში;
  • პროფესიონალიზმი: ვაფასებთ და ვახალისებთ მაღალ პროფესიულ სტანდარტებს;
  • ინოვაცია: ვემხრობით ახალ იდეებს და კრეატიულ მიდგომებს პრობლემების გადასაჭრელად;
  • მრავალფეროვნება: ვუზრუნველყოფთ თანაბარ შესაძლებლობებს ყველა სოციალური ჯგუფისთვის;
  • თანამშრომლობა: ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სექტორთან და დაინტერესებულ მხარეებთან საერთო მიზნების მისაღწევად;
  • არაძალადობა: ვემხრობით არაძალადობრივ, მშვიდობიან და კონსტრუქციულ მიდგომებს ცვლილებების განსახორციელებლად;
  • უწყვეტი განვითარება: ვახალისებთ მუდმივ სწავლასა და თვითგანვითარებას;
  • თვითშეფასება და რეფლექცია: მნიშვნელოვნად მიგვაჩნია დასახული მიზნების მისაღწევად არჩეული გზების პერიოდული გადახედვა და გეგმების კორექტირება, ცვალებად გარემოსთან უწყვეტი რეფლექცია.

დევიზი: #

ძალა ცოდნაშია – შევცვალოთ განათლება და შეიცვლება „თამაშის წესებიც“!

 

მიდგომები და ფასეულობები: #

ჩვენ ვმუშაობთ სამ დონეზე:

ინდივიდუალური დონე: ინფორმირებულობა, ცნობიერების ამაღლება, მოტივირება, უნარები და თავდაჯერებულობა;

ორგანიზაციული დონე: პროფესიული განათლება, სტანდარტები, პროცედურები, ორგანიზაციული კულტურა;

საზოგადოების და პოლიტიკის დონე: პოლიტიკის დოკუმენტები, სტრატეგიული დოკუმენტები, კანონმდებლობა, ადვოკატირება.

ჩვენი მთავარი ფასეულობაა – ადამიანი / პრობლემა გამოვყოთ ადამიანისაგან, თავს დავესხათ პრობლემას და დავზოგოთ ადამიანი!

მოძრაობის სტრატეგიული მიმართულებები:

  • 1.     მერიტოკრატიის შესახებ განათლება, ცნობიერების ამაღლება – საერთაშორისო თანამშრომლობა და ქსელის განვითარება
  • 2.    აკადემიური თავისუფლება/კვლევები, პოლიტიკის ანალიზი, თვითმმარველობების  გაძლიერება და ინსტიტუციური რეფორმების ადვოკატირება / საჯარო სექტორში მერიტოკრატიული სისტემების დანერგვის ხელშეწყობა
  • 3.    განათლების სისტემის რეფორმირება, შრომის ბაზარი, კონკურენტუნარიანობა და ქვეყნის მდგრადი განვითარება მერიტოკრატიის პოზიტიური ეფექტის გამოყენებით
  • 4.    მერიტოკრატიული სტანდარტების დანერგვა – დემოკრატიზაცია, ახალგაზრდები, თაობათა პარტნიორობა და ევროინტეგრაციის ხელშეწყობა
  • 5.    არაძალადობრივი მეთოდებით მერიტოკრატიული რეფორმების განხორციელება და მშვიდობის მშენებლობის ხელშეწყობა.

მოქმედების დროა – მოძრაობის დაფუძნება და განვითარების ეტაპები

საქართველოში მერიტოკრატიის დამკვიდრება გამოწვევაა, ამდენად მერიტოკრატიით დაინტერესებულ ყველა პიროვნებას გთავაზობთ შევქმნათ მოძრაობა მერიტოკრატიისთვის, რომლის ფორმირება და ამოქმედება შემდეგ ეტაპებად არის განსაზღვრული:

  • სადამფუძნებლო განაცხადის მომზადება/კონცეფციის მომზადება;
  • საინფორმაციო კამპანია და გუნდის ფორმირება;
  • ორგანიზაციის სამართლებრივი საფუძვლების მომზადება და ფორმირება;
  • ორგანიზაციის საქმიანობის დაგეგმვა (განახლება):

ა) სტრატეგიული გეგმა;

ბ) ფინანსური დაგეგმვა;

გ) ინფრასტრუქტურის მომზადება;

დ) პარტნიორების მოძიება;

ე) საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება.

  • ორგანიზაციის ფუნქცუიონირება საპილოტო რეჟიმში და სტრატეგიის დახვეწა/განახლება;
  • ორგანიზაციის ოფიციალური ამოქმედება;
  • მონიტორინგი და შეფასება/მომზადება ორგანიზაციის ფუნქციონირების ახალი ციკლისთვის.

 

მერიტოკრატიისთვის მოძრაობაში ჩართვით დაინტერესებულ პირებს გთავაზობთ აქვე მოცემული ბმულის საშუალებით პოზიციის დაფიქსირებას: https://forms.gle/cuB3C8XQrFEYtck28

ალუდა გოგლიჩიძე

მოძრაობა მერიტოკრატიისთვის დაფუძნების ინიციატორი

 

ელ. ფოსტა: meritocracy.georgia@gmail.com

Facebook: მოძრაობა მერიტოკრატიისთვის Movement for Meritocracy

www.meritocracy-movement.ge

19/08/2024

გაზიარება:
წინა მომდევნო

კომენტარის დამატება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

არქივი

  • დეკემბერი 2025
  • ნოემბერი 2025
  • ოქტომბერი 2025
  • სექტემბერი 2025

პროფილი

  • ბავშვობა
  • ოჯახი
  • გვარი
  • სიმბოლოები
  • ისტორიები

ღირებულებები

  • სამართლიანობა
  • დემოკრატია
  • მშვიდობა
  • მერიტოკრატია
  • კონკურენტუნარიანობა

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • დონაცია
  • მოხალისეობა
  • მხარდაჭერა
  • რესურსები
  • კონტაქტი
Facebook-f Linkedin Youtube Instagram

© 2025 Aludagoglichidze.ge | ყველა უფლება დაცულია