მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის დეკანის პოზიცია, რომელსაც 2019 წლიდან ვიკავებ. უკვე ექვსი წელია, რაც დავაარსეთ კავკასიის განათლების სკოლა და ამ ხნის განმავლობაში თავდაუზოგავი შრომით და გამორჩეულად პროფესიონალთა გუნდით გავუმკლავდით არაერთ გამოწვევას და განვახორციელეთ მნიშვნელოვანი პროექტები, პროგრამები და ინიციატივები.
ფაქტია, რომ დღეისათვის უკვე კავკასიის უნივერსიტეტი არის ერთად ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც აქვს აკრედიტებული პროგრამები განათლების სამივე მიმართულებით: პოლიტიკა, მენეჯმენტი და პედაგოგიკა.
თუმცა იმ რეალობაში, როდესაც სახეზეა ქვეყანაში უმწვავესი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი კრიზისი, დემოკრატიული ინსტიტუტების, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების უკიდურესი შევიწროება, ადამინის ულებების კუთხით უმძიმესი ვითარება და ქვეყნის განვითარების დასავლური კურსის ცვლილებაც კი, ჩემთვის შეუძლებელია დავრჩე კომფორტის ზონაში (მიუხედავად იმისა, რომ დეკანის პოზიცია სავსეა შინაარსით, შემოქმედებითი დიაპაზონით და ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობებით) და არ ვუპასუხო არსებულ გამოწვევებს, უფრო აქტიურად არ ჩავერთო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში — იქ, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება და ცვლილებები იწყება, მითუმეტეს როცა გაქვს ალტერნატიული ხედვა, მიდგომები, აუცილებელი გამოცდილებაც და შეგრძნება, რომ შეგიძლია იყო პოზიტიური ცვილებების ავანგარდში.
სწორედ შინაგანმა პასუხისმგებლობამ – თუ თვლი, რომ შეგიძლია ე.ი. ვალდებული ხარ იმოქმედო, განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება — მეტი დრო დავუთმო ფართო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. შესაბამისად ეს გადაწყვეტილება არის არა წასვლა, არამედ პასუხისმგებლობების გაფართოება – კომფორტის ზონიდან გაცნობიერებულად გასვლა ნაკარნახები მოქალაქეობრივი და პროფესიული პასუხისმგებლობით.
ამავდროულად მინდა აღვნიშნო, რომ არ ვტოვებ ჩემს სტუდენტებს, კოლეგებსა და უნივერსიტეტის დიდ ოჯახს, ვრჩები კავკასიის უნივერსიტეტში აკადემიურ პოზიციაზე და ვაგრძელებ შრომას საგანმანათლებლო პროგრამების მართვასა და განვითარებაზე.
დეკანის პოზიციაზე გაწეული მუშაობის ანგარიშს და ჩემი სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარვუდგენ. ერთი კი შემიძლია გარკვევით განვაცხადო, რომ რა გზაც არ უნდა ავირჩიო ჩემი პრიორიტეტი იქნება სამართლიანობისთვის ბრძოლა, დემოკრატიული ტრანსფორმაციის მხარდაჭერა, ინდივიდების და ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე ზრუნვა, მერიტოკრატიული ღირებულებების საჯარო ცხოვრებაში დამკვიდრების ხელშეწყობა.
საუკეთესო სურვილებით,
ალუდა გოგლიჩიძე